ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არ უნდა განსაზღვრავდეს, ვინ იყოს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს პარტია მთლიანად ოლიგარქიული გავლენების ქვეშაა
ოლიგარქების პოლიტიკიდან განდევნა არის დეოლიგარქიზაციის არსი, რასაც ითხოვს ევროკავშირი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლება ოპოზიციის დამფინანსებლების და გავლენიანი პირების პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენებს.
„ევროკავშირი ითხოვს ზუსტად მაგას, რომ ვიღაცები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული ოლიგარქებად, ვინც რეალურად არიან ოლიგარქები და მათი ბრჭყალებში, თუ როგორც არის, ერთგვარი დევნა უნდა მოხდეს, რადგან მათ მიმართ გარკვეული ზომები უნდა ამოქმედდეს. ეს წერია უკრაინულ კანონში და დეოლიგარქიზაცია ამას გულისხმობს. ამას ითხოვს ევროკავშირი. ეს რამდენად სწორია, თუ არასწორი, ამაში არ შევდივართ, ჩვენი ინიციატივა ხომ არ არის?! ეს არის ევროკავშირის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა დავადგინოთ, ვინ არიან ოლიგარქები და მათი ერთგვარი განდევნა უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესიდან. დეოლიგარქიზაციის მთავარი ამოცანაა, ოლიგარქებს არ ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკაზე. ანუ, პოლიტიკიდან მათი განდევნა არის დეოლიგარქიზაციის არსი, რასაც ითხოვს ევროკავშირი. შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცამ კი შეიძლება, თქვას, რომ ოლიგარქებით სავსეა მაგალითად, ამერიკული, ან ევროპული პოლიტიკა და არ მოსწონდეს ეს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიგონია დეოლიგარქიზაცია. ჩვენი მიზანი და ამოცანა ეს არ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნას გაჰყვება, ამ შემთხვევაში მოხდება მაგალითად, დავით კეზერაშვილის იდენტიფიცირება ოლიგარქად.
„მას თვითონ აქვს აღიარებული, რომ ოლიგარქია. ანუ, აქვს ბევრი ფული და ხარჯავს ამ ფულს მედიაზე, პოლიტიკაზე. მან აღიარებითი ჩვენება მოგვცა ორი კვირის წინ. წამოცდენა იყო ესეც ერთგვარი; წესით, არ უნდა გამოექვეყნებინა ეს წერილი, თუმცა წამოსცდა და საბოლოო ჯამში, თვითონ აქვს აღიარებული, რომ არის ოლიგარქი. ანუ, აქვს ბევრი ფული და აფინანსებს პოლიტიკას და მედიას“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები ოლიგარქიული გავლენებით წარიმართება.
„მაგალითად, კეზერაშვილი არ უნდა განსაზღვრავდეს, ვინ უნდა იყოს იგივე „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარე. ეს პარტია არის მთლიანად ოლიგარქიული გავლენების ქვეშ. კეზერაშვილს ჰყავს თავისი ფავორიტი ხაბეიშვილი და უნდა, ის გაიყვანოს პარტიის თავმჯდომარედ; არ მოსწონს მელია, რადგან რაღაც პერსონალური შეუთავსებლობა აქვს. დღეს, „ნაცმოძრაობის“ შიგნით ოლიგარქიული გავლენებით განისაზღვრება პროცესები და ამას ითხოვს ზუსტად ევროკავშირი, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ კეზერაშვილი განვდევნოთ პოლიტიკიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.