ირაკლი კობახიძე - კელი დეგნანი ივანიშვილს მეგობრად თუ მიიჩნევს თავს, მაშინ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდებოდა
სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრზე ინფრომაცია თავიდანვე არ დადასტურდა, მარტივად შეეძლო ელჩს, პასუხის გაცემა კითხვაზე და რომ ეს შეხვედრა შედგა ომის დაწყების შემდეგ, ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებას აღარ ექნებოდა დამატებითი კითხვის ნიშნები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ელჩმა საბოლოოდ დაადასტურა ეს შეხვედრა.
„ასეთ დროს, როდესაც მარტივად შეგიძლია, გასცე კითხვას პასუხი და ამ პასუხს არ გასცემ, ბუნებრივია, ჩნდება საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები, მითქმა-მოთქმა, რაც ძალიან ცუდია. ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა, პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, სრული უფლება არსებობდა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, სულ მცირე ელჩი ამ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე.
„ელჩი თუ მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მესიჯბოქსებზე. ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც არის ჩართული რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, ასევე ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად ამ პროცესს გაემიჯნებოდა ქალბატონი ელჩი, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ეს დამატებით წარმოშობს კითხივს ნიშნებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სიცხადე იყოს ამ ყველაფერში. მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია, ამერიკის ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ვიღაც როცა ითხოვს მთავრობის გადადგომას, მნიშვნელოვანია, ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, ასეთ დროს კითხვები საზოგადოებაში ბუნებრივია, მოიხსნებოდა. იყო უამრავი განცხადება, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ომის რიტორიკის ტირაჟირებას, ეს იყო ენჯეოების განცხადებები, გახსოვთ გიგაური, ლომჯარია და ა.შ. გახსოვთ ოპოზიციის, მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ლობისტების განცხადებები და უკრაინის ხელისუფლების, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განცხადებები, ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, რომ გააღვივონ ომის რიტორიკა და ამას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს. მნიშვნელოვანია ამიტომ მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის და ეს არის უბრალოდ ჩვენი მოწოდება.
ჩვენ არ გვინდა, რამე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან. უბრალოდ ჩვენი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით, როდესაც ვიღაც ითხოვს მაგალითად, სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რა არის ელჩის პოზიცია, როდესაც ვიღაც ითხოვს მთავრობის გადადგომას, რა არის ელჩის პოზიცია, როდესაც ომისკენ გვექაჩებიან და ა.შ. აქ რომ იყოს მკაფიო გამიჯვნა, ბუნებრივია, საზოგადოებას არ დარჩებოდა კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.