ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული პირობები ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს, ისედაც გვქონდა ვალდებულება აღებული და შესაბამისი რეფორმები განხორციელდება
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს, ისედაც გვქონდა ვალდებულება აღებული და შესაბამისი რეფორმები განხორციელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისედაც ჰქონდათ ვალდებულება აღებული და შესაბამისი რეფორმები განხორციელდება.
„რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმებს, უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია, რაც უნდა გადაიდგას სხვადასხვა მიმართულებით. პირობები, რაც წაყენებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს. ანუ აქ ახალი არაფერი წერია. ზუსტად იგივე პუნქტებზეა საუბარი, რაც იყო ასოცირებაში და რაც შეთანხმებულია ჩვენ მიერ ევროკავშირთან. შესაბამისად, ჩვენ ისედაც გვქონდა ეს ვალდებულება აღებული და რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.