ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსის არმონიჭება იქნება ცუდი სიგნალი, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის გაიგზავნება პოზიტიური სიგნალი 
ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსის არმონიჭება იქნება ცუდი სიგნალი, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის გაიგზავნება პოზიტიური სიგნალი 

კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რისკი, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, არის 27 ქვეყანა და ყველამ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, საკმარისია ერთი ქვეყანა გადგეს განზე, რომ ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, პოლიტიკური  რისკები ძალიან მაღალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონმდებლობის შემუშავების კუთხით დღემდე ყველაფერი გაკეთებულია.

„რამდენად არის ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები – მე არ მგონია, რომ არის შეუთავსებლობა და ავხსნი რატომ – ერთი მხრივ, არის ციფრები, რომლის თანახმადაც, სამი სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად არის შესრულებული, თუმცა რაში ვხედავთ თანხვედრას, დღემდე რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით დღემდე, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება, ყველაფერი გაკეთდა. თუ დააკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულება არის საჭირო. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე, კანონმდებლობა არის მოწონებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ის გაკეთდა, ანუ კანონმდებლობა შემუშავდა. იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას. აქაც რეგლამენტი დაიხვეწა. რატომ გვეუბნებიან, რომ ჯერ სრულად არ არის შესრულებული, რადგან პრაქტიკაში უნდა დაინერგოს ეს ყველაფერი. დღემდე რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არსებითი ამოცანა იყო კანონმდებლობის გადასინჯვა, ეს უკვე გაკეთდა. რაც შეეხება ევროკომისარ ვარჰეის, ის გვეუბნება, რომ კარგია კანონმდებლობის გადასინჯვა, მაგრამ ახლა საჭიროა ამ ყველაფრის აღსრულება. 18 წინადადებიდან, რაც წარმოადგინა ვარჰეიმ, უმეტესობა უკავშირდება სწორედ პრაქტიკის გაუმჯოებსებას. ამიტომ არის თანხვედრა ჩვენ შეფასებებს შორის. ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც შემუშავდა აქამდე, არის კარგი, არის დამატებითი სამი რეკომენდაცია კანონმდებლობის კუთხით, რაც აქამდე გაკეთდა ამაზე გვაქვს უკვე პოზიტიური შეფასება, ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა დაინერგოს, საერთოდ არ არის შეუთავსებლობა ევროკომისარ ვარჰეის შეფასებასა და ჩვენ შეფასებას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არმონიჭება საერთაშორისო კუთხით იქნება ძალიან ცუდი სიგნალი.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმინიჭებას, ამ ეფექტს საერთშორისო კუთხით და კითხვას, იქნება თუ არა ეს რუსეთისთვის საჩუქარი, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი, შარშან ივნისშიც ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი და წელსაც რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი გადაწყევტილება, ეს იქნება ცუდი სიგნალი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის.

რაც შეეხება იმას, რამდენად იქნება პოლიტიკური ეს გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ დეკემბერში, რა თქმა უნდა, თავის შინაარსით პოლიტიკურია, რომელიც იქნება მიღებული. თავიდან იქნება წარმოდგენილი ევროკომისიის ანგარიში დეტალური შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 პუნქტის სრულად შესრულებას არც კი მოითხოვს  კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უფრო მეტიც, უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მათაც ასეთვე პუნქტები დაუდგინეს. მაშინაც თქვეს, რომ ანალოგიურად 75% არის შეუსრულებლობა შესაბამისი პუნქტების, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100 პროცენტით უნდა შესრულდეს 12-ვე პრიორიტეტი იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამის მიუხედავად, ჩვენ დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს.

გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რისკი, რომელიც დაკავშირებული ამ საკითხთან არის ის, რომ არის 27 ქვეყანა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, პოლიტიკური  რისკები ძალიან მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ, შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ამ თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.