ირაკლი კობახიძე - კანაფთან დაკავშირებულ კანონპროექტში არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე
კანონპროექტში არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს უმთავრესი და საკვანძო საკითხია, რაც კანონპროექტშია ასახული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა არალეგალური წარმოების საფრთხე და წარმოებული კანაფის შიდა ბაზარზე მოხვედრის რისკები, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით დეტალური კონსულტაციები გამართოს.
„ეს პრაქტიკა უამრავ ქვეყანაშია დაშვებული და შესაბამისი ქვეყნები უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ახერხებენ. ესენია, მაგალითად, ისრაელი, საბერძნეთი და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოების საკითხებზე ფართო კონსულტაციები გვქონდეს და თუ დავრწმუნდებით, რომ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით პრობლემები ვერ შეიქმნება, ამ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ხოლო თუ საპირისპიროში დავრწმუნდებით, რა თქმა უნდა, საპირისპირო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა არგუმენტს უპირისპირებს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოსაზრებას, რომ შესაძლოა, გარიგება მოხდეს და სპეციალურმა სააგენტომ კანაფის საწარმოო ლიცენზია ერთ კომპანიაზე გასცეს, რაც ბაზრის მონოპოლიზაციის საფრთხეს შექმნის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგივე რისკები ეკონომიკის არაერთ სფეროსთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით – ფარმაციასთან, მაგრამ საფრთხეების არიდება კანონის დონეზე უნდა მოხდეს.
„ამ შემთხვევაში, ფარმაციის ერთ-ერთ სფეროსთან გვაქვს საქმე და ბუნებრივია, ასეთ დროს მონოპოლიზაციის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ზუსტად ის გახლავთ, ეს საფრთხეები კანონის დონეზე მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.