ირაკლი კობახიძე - იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის წარდგენამდე, ნაადრევია საუბარი, ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს
ვიდრე პარლამენტს არ წარედგინება საბჭოსგან უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატურების სია და არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო მხარს მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოზიციაზე.
მისი თქმით, მისი მხრიდან კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან პარლამენტს 144 კანდიდატიდან შერჩეული 20-კაციანი სია იუსტიციის საბჭომ უნდა წარუდგინოს.
„ჩვენი მხრიდან ნაადრევია რაიმე კომენტარის გაკეთება. შესაბამისი ადამიანების გადასაწყვეტი იყო, მიიღებდნენ თუ არა ისინი კონკურსში მონაწილეობას, სწორედ ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი ყოფილიყო გახსნილი და ყველას მისცემოდა მონაწილეობის საშუალება. ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა მიღებული კანონით.
შესაბამისად, 144-მა ადამიანმა გადაწყვიტა ამ შერჩევაში მონაწილეობა. ახლა ჯერი არის საბჭოზე; საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩევს თუ არა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ პოზიციებისთვის და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ვიდრე არ გაივლის ყველა ეტაპს ეს პროცედურა და არ წარედგინება პარლამენტს საბჭოსგან კანდიდატურები, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.