ირაკლი კობახიძე - იქნება თუ არა ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კონსულტაციებით გადაწყდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქნება თუ არა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კონსულტაციებით გადაწყდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება.
კობახიძის ინფორმაციით, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და საპარლამენტო ფორმატი.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იმ პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ, ვინ იქნება წარმოდგენილი ამ სამუშაო ჯგუფში.
ამ ფორმატში ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა რეგლამენტისა და გუნდურობის უხეში დარღვევით მოხდა.
„რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, იმ დროს, როცა ეს მოხდა, იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის დარღვევა, ასევე გუნდურობის უხეში დარღვევა“,- აღნიშნა კობახიძემ.