ირაკლი კობახიძე - იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ, აქვს ერთადერთი მიზანი, ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი
უნდა ითქვას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში.
„დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ, თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის. პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე.
მისი თქმით, გუშინ მომხდარის მიზანია ქვეყანაში არეულობა.
„მინდა, შეგახსენოთ, ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი. ეს არის ელენე ხოშტარია და მის მორალზე, მინდა, ვისაუბრო. თუ რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში, ეს თვითონ სახელმწიფოა და მისი ბიუჯეტი. ეს ადამიანი, ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო იმის გამო, რომ ვიღაც იყო ჩამოსული საქართველოში. სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს. ეს არის მათი მორალური სახე. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი. სამი წელიც არ იყო გასული, რაც დაიღუპა ამ ოკუპაციის გამო რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და აქედან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით. ეს არის მათი მორალური სახე დღეს. იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას, მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ“, – განაცხადა კობახიძემ.