ირაკლი კობახიძე - გვქონდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები კრიტიკულ მომენტში წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, თავის დროზე ამიტომ შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა
ირაკლი კობახიძე - გვქონდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები კრიტიკულ მომენტში წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, თავის დროზე ამიტომ შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა

გვქონდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ცვლილება თავის დროზე, როცა შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ.

„თავის დროზე აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე და, როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, მათ სურდათ საბოტაჟი.

ხომ გამოჩნდა დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი, არცერთის გამოკლებით, წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებამდეც მიდის ეს ყველაფერი. როცა მივიღეთ ინფორმაცია, შევიტანეთ ეს ცვლილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სწორედ სახელმწიფო ინტერესების და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების შესაბამისად“.

„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც, იმავე ლარის კურსთან, ინფლაციასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება ეროვნულ ბანკში და ამას ვგულისხმობ. კრიტიკულ მომენტში იყო სერიოზული რისკები დაკავშირებული ამ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იყო ძალიან სერიოზული რისკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეროვნულ ბანკში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. გუშინდელ ბრიფინგზე კი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

გარდა ამისა, გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.