ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ
თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა ხვალ ხმის მიცემის პროცესისთვის თავისუფალი და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იზრუნონ საარჩევნო დარღვევების პრევენციაზე და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა.
გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკო-ს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ყველა საარჩევნო გადაცდომაზე, რომელი პარტიის წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უმკაცრესი რეაგირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამისათვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.