ირაკლი კობახიძე - გუშინ ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზია, რომ ის ჭამს
ირაკლი კობახიძე - გუშინ ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილი ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზია, რომ ის ჭამს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს შესაბამისი უწყება.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა იცოდა, ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში.

„ეს არის მისი ვერსია. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, შესაბამისი უწყება, იუსტიციის სამინისტრო მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ. მან ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ყველამ მიიღო დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფეიკია მისი ე.წ. შიმშილობა, ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. ზოგადად, საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია. როგორი ფეიკიც არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიკია მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზეზი არის, რომ ის ჭამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ წერილს, სადაც ამბობს, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანისას კრიმინალების გინების ქვეშ გაატარეს, კობახიძე ამბობს, რომ გინება მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, გინება მიუღებელია, ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც ამაზე შემიძლია დავაფიქსირო. შეიძლება ეს იყო სავარაუდო, იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან. გუშინ წამოსცდა სააკაშვილის ერთ-ერთ თანაგუნდელს, რომ 2012 წლამდე, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, ციხე, განსაკუთრებით გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე. ეს იყო მიხეილ სააკაშვილსი შემოქმედება და დღეს საუბარია, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს. ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე აწამებდა ადამიანებს, ეპყრობოდა არაადამიანურად, მისი დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი და ამის მსხვერპლი ხდებოდა ათასობით ადამიანი, პატიმარი. წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტერიტორიების ჩაბარება, ამ ყველაფერზეა საუბარი. ეს რაც გითხარით, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის წარსული, ეს არის მისი აწმყო და მისი მომავალი. ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ ხელოვნურად „ნაცმოძრაობას“ კუთვნილი ტელევიზიები ცდდილობენ, შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რომელიც აგებულია სააკაშვილზე და მის პატიმრობაზე. არ არის ეს საინტერესო, სააკაშვილი არის 9 500 პატიმრიდან ერთ-ერთი და მოიხდის ბოლომდე სასჯელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, სად გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან ყველა ნაბიჯი დაიგეგმება ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად.

„ზოგადი სტანდარტების, ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად დაიგეგმება ყველა ნაბიჯი ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან. სად გაიმართება, არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს საინტერესო, ესაა ადამიანის უფლებების დაცვა, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. სააკაშვილის თემა დავხურეთ, არა მარტო ამ ბრიფინგზე, არამედ ზოგადად. ამ წამიდან დავხურე სააკაშვილის თემა“, – განაცხადა კობახიძემ.