ირაკლი კობახიძე - გუნდის განახლებაზე მთელი პოლიტსაბჭო ვმუშაობთ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც
ზოგადად, განახლება ნებისმიერ პარტიას სჭირდება, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, დაიწყო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მისი თქმით, ზოგადად ახალი კადრების რეკრუტირება სჭიროა და ამაზე მუშაობა დაწყებულია.
„ამაში არის ჩართული პრაქტიკულად მთელი პოლიტსაბჭო, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანია. შესაბამისად, მისი როლი მნიშვნელოვანია ამ კუთხით. ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება ყველ პარტიას სჭირდება და ჩვენც განახლებული გუნდით წარვდგებით ყოველი არჩევნების შემდეგ. რა მასშტაბით განხორციელდება განახლება, არ ვიცით. ზოგადად, იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენთვის გუნდის თითოეული წევრი, ამ შემთხვევაში, პარლამენტის წევრი ღირებულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი თავად იქნება თუ ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ სიაზე ჯერ მუშაობა არ დაწყებულა.
„არც ერთი არ ვიცი და არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე. სია არც შედგენილი არ არის და არც მუშაობაა დაწყებული. სიის შედგენაზე მუშაობა დაიწყება არა უადრეს მომავალი წლის ზაფხულისა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, კითხვაზე იქნება თუ არა სიის პირველ ათეულში ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძის თქმით, ეს თავად ირაკლი ღარიბაშვილზე არის დამოკიდებული.
„ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.