ირაკლი კობახიძე - გლობალურ ომის პარტიას შეუძლია, ერთი ქვეყანა გამოსწიოს და სტატუსი არ მოგვენიჭოს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს
გლობალური ომის პარტია თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია, გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, ასეთ პირობებში ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ, რათა გლობალურმა ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს.
„ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, დადებითი ან უარყოფითი კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროსაბჭოში გადაწყვეტილებები სრული კონსენსუსით მიიღება და საჭიროა 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა, ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციამ შეიძლება განაპირობოს გადაწყვეტილების ერთი ან მეორე ფორმით მიღება. თუ გლობალური ომის პარტია გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით ღირებული. თუ ეს არის უნგრეთის პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები არის, რადგან მათემატიკურად რომ გავყვეთ, 27 ქვეყნიდან ერთი ქვეყანა შეიძლება გლობალურმა ომის პარტიამ გამოწიოს და სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენი შანსები არის 1/27. წარმოიდგინეთ, რამხელა რისკებზეა საუბარი. თუ ასეთ პირობებში კონკრეტული ქვეყნებიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა არ გვექნება, შეიძლება, გლობალურმა ომის პარტიამ გადაძალოს. ანუ, ამ ეტაპზე გლობალურ ომის პარტიას უპირატესობა აქვს. მას შეუძლია, ერთი ქვეყანა გარეთ გამოსწიოს და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, თუ იმ დროისთვის ამის ინტერესი გლობალურ ომის პარტიას ექნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს. შარშან, ივნისში გაიმარჯვა, იმედია, დეკემბერში ასე არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.