ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს

გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც არ გამორიცხა, მისმა პარტიამ პარლამენტი დატოვოს.

„ამ ადამიანების პარლამენტში ყოფნას არავითარი ფასი არ აქვს, არც ვაშაძის, არც ჯაფარიძის, რომელიც თუ არ ვცდები, გასულია ეს უკვე. არავითარი ფასი არ აქვს მათ ყოფნას პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მათი გასვლით პარლამენტიდან არც არაფერი მიემატება და არც არაფერი დააკლდება. ესაა რეალობა.

რაც შეეხება მათ უხამს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ მათი ერთ-ერთი თვითმიზანი არის, ხელი შეუშალონ 12 პუნქტიდან პირველი პუნქტის შესრულებას ანუ დეპოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, ისინი ასე გააგრძელებენ მოქმედებას, განახორციელებენ კვლავაც 12 პუნქტის საბოტაჟს, მისი შესრულების საბოტაჟს. ეს მათი არჩევანია. საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს ამ ყველაფრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან როგორც აცხადებს, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.