ირაკლი კობახიძე - გიორგი ვაშაძე არის მოღალატე არა იმის გამო, რომ ეს მისი მოწოდებაა, არამედ იმიტომ, რომ დავალებას ასრულებს
ორმაგი აგენტი არ ვიცი, მე უფრო ერთმაგი აგენტი მგონია. მოღალატე რომ არის ეს კაცი, ხომ ძალიან კარგად იცის. მგონი, უფრო ერთმაგი აგენტია, ორმაგი შეიძლება, გარკვეული ინტერპრეტაცია იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია.
„რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად, ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან, ეს კიდევ ერთი მაგალითი. ასევე არის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს. რაც აჩვენეს 2008 წელს რუსებს, იმავეს აჩვენებს საზღვარზე ახლა. ასეთი სამარცხვინო ხალხია ეს ადამიანები და რაც რეალურად, მთლიანად ამ პროექტის სახეს აჩვენებს. შესაბამისად, ისინი, ვაშაძე, არიან მოღალატეები. პირდაპირ შემიძლია გითხრათ – ვაშაძის თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ამ ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. არ მგონია, რომ ისინი ამას დავალების გარეშე აკეთებდნენ. არის კონკრეტული ნაბიჯები, რის საფუძველზეც გამომაქვს პოლიტიკური დასკვნები. ჩემი დასკვნაა, რომ გიორგი ვაშაძე არის მოღალატე, და მოღალატეა არა იმის გამო, რომ ეს არის მისი მოწოდება, არამედ იმიტომ, რომ ის დავალებას ასრულებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, ვისგან იღებენ დავალებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის. „არ ვიცი. რომც ვიცოდე, მაგას მე ვერ გეტყვით“, – აღნიშნა კობახიძემ.