ირაკლი კობახიძე - გერმანიის ელჩის განცხადებამ ნათელი მოჰფინა, თუ რა იყო მოლაპარაკების შინაარსი, გიგა ბოკერიასთვის არის პრობლემა, როცა ის ელჩის მიმართ უზრდელობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებამ ნათელი მოჰფინა, თუ რა იყო რეალურად პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების შინაარსი.
„გერმანიის ელჩის განცხადებამ ნათელი მოჰფინა რეალურად ყველაფერს, იმას თუ რა იყო მოლაპარაკების შინაარსი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რაზე ვლაპარაკობდით მოლაპარაკებებზე, რა იყო მოლაპარაკებების შინაარსი და შესაბამისად, რა იყო ჩადებული იმ შეთანხმებაში, რომელიც 8 მარტს გაფორმდა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში გიგა ბოკერიასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების გაღიზიანებული კომენტარები ლოგიკურია.
„გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი და ბუნებრივი, ლოგიკურია გიგა ბოკერიასა და სხვა „ნაციონალების“ გაღიზიანებული კომენტარები. ის, მისი მეუღლე და სხვა „ნაციონალები“ არიან უკიდურესად გაღიზიანებულები. ისინი გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, ეს პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და სხვა პარტიებით, არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. როდესაც გიგა ბოკერია უზრდელობს გერმანიის ელჩთან მიმართებით, ეს არის პრობლემა გიგა ბოკერიასთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.
გერმანიის ელჩის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩს თანაუგრძნობს, რადგან ის შარში გაეხვა.
„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს“,- აღნიშნა ბოკერიამ.