ირაკლი კობახიძე - გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის
გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომლებზეც სურთ ყურადღების გამახვილება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „დროა ამ უსიამოვნებიდან გამოსვლის და მეზობლებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის“.
კობახიძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს საქართველოში.
„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც სურთ ყურადღების გამახვილება. ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს.
ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების და ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ასევე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა, ეს იყო მათი მოღვაწეობის შედეგები და დასასრული. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მივიწევთ წინ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.