ირაკლი კობახიძე - გარწმუნებთ, მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ
გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია, პირველ სხდომაში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.
„ოთხი წლის განმავლობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, რომელთა შორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები. იმ პირობებში, როცა პარლამენტი ახორციელებდა ფუნდამენტურ ცვლილებებს, საერთო ჯამში ოპოზიციის ბოიკოტი რომ დავთვალოთ, ალბათ, მთლიანობაში ორი წლის განმავლობაში მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში გვიწევდა. სამწუხაროდ, ასეთია რადიკალური ოპოზიციის ბუნება და უნდა დასრულდეს. სწორედ ამაზე ვისაუბრე გუშინდელ ბრიფინგზე და ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს. პირველ სხდომაში მონაწილეობას ვინ მიიღებს და ვინ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.