ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შეიცვალა პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების თავდაპირველ ვერსიასა და პირველი მოსმენით მიღებულს შორის.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ერთწლიანი ვადა იყო განსაზღვრული პოლიტიკური პარტიისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე, მაგრამ ეს ვადა ექვს თვემდე შემცირდება.
„პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასევე პირვანდელი რედაქციის მიხედვით, პარტიებს დაფინანსება დეკემბერში პლენარული სხდომების გაცდენებისთვის უჩერდებოდათ, მაგრამ ახლა დეკემბერი აღარ ითვლება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ მთელი სესია – ივნისის ბოლომდე. თუ ისინი ამ დრომდე გადაწყვეტენ, რომ უარი თქვან საბოტაჟზე, ამ შემთხვევაში, მათ დაფინანსება მთლიანად შეუნარჩუნდებათ და არაფერი არ მოაკლდებათ განსხვავებით პირველი რედაქციისგან. თუ ისინი საბოტაჟის რეჟიმს კვლავ გაჰყვებიან, მაშინ შემდეგი ექვსი თვე მათ დაფინანსება შეუწყდებათ და ეს გაგრძელდება ყოველი ექვსი თვე. როგორც კი გამოვლენ საბოტაჟის რეჟიმიდან, დაფინანსება მაშინვე აღუდგებათ. თუ უფლებამოსილებას შეუწყდება ნახევარზე მეტს, მაშინ დაფინანსება მთლიანად შეუწყდებათ, თუმცა ეს არის მეორე საკითხი, აქაც გვაქვს სივრცე დროის კუთხითაც, რომ სათანადო ზომები მივიღოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ დეპუტატს დაფინანსება უნდა მოეთხოვა და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებდა, რაც არასწორი ნორმაა.
„არც ერთი ქვეყანა არ მეგულება, სადაც ასეთი ნორმა მოქმედებს. ეს უარის თქმის საჭიროებით შევცვალეთ, ანუ, თუ დაფინანსება არ გინდა, უარი უნდა თქვა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ნორმა საერთოდ ამოვიღეთ”, – განაცხადა კობახიძემ.