ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის წინააღმდეგ როცა მიდიან ორგანიზაციები, რომლებსაც გამჭვირვალობა ეწოდებათ, მათ შორის სათაურში, ეს აჩვენებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი
ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან ჯაშუშს და აგენტს. ქართული კანონპროექტი არცერთ ადამიანს არ მოიხსენიებს აგენტად. საუბარია მხოლოდ იურიდიულ პირზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დისკუსია გაგრძელდება როგორც ტერმინებზე, ასევე სხვა საკითხებზე.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არცერთი ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ საიდან და რა მიზნით ფინანსდება.
„აგენტს აქვს ორმაგი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. ამერიკაში აგენტი ნიშნავს, მათ შორის აგენტს ვიწრო გაგებით, ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან აგენტს და ჯაშუშს. ამერიკაშიც სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, მაგრამ არა კანონმდებლობაში. მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007 და ინგლისურადაც ასეა. პირადად მე ტერმინი აგენტი მომწონს, რადგან ზედმიწევნით ასახავს დანიშნულებას, რომელიც აქვს. საქმე ეხება უცხოური გავლენის რეალიზებას. რაღაცის რეალიზებაზე როდესაც არის საუბარი, რაღაც ინტერესის რეალიზებაზე, ყველაზე ხშირად გამოიყენება ტერმინი აგენტი. რა თქმა უნდა, სხვა ტერმინების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად რელევანტური. ქართული კანონპროექტი არცერთ ადამიანს არ მოიხსენიებს აგენტად, საუბარია მხოლოდ იურიდიულ პირზე. შესაბამისად, ამ კანონის საფუძველზე ვერცერთ ადამიანს, თუნდაც ის მართლა ჯაშუში იყოს, ვერ უწოდებ აგენტს. აგენტი არის ნეიტრალური ტერმინი. კანონმდებლობაში განსაზღვრულია ჯაშუშის ტერმინი, რაც მოიცავს ჯაშუშურ საქმიანობას და კანონმდებლობით დასჯადია. ეს არ ეხება ტერმინ აგენტს.
ეს კანონმდებლობა შეიძლება იყოს კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი, შეიძლება – არაკეთილშობილური მიზნებით. ასევე არის გარკვეული საკითხი, რაზეც შეიძლება, ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია. მაგალითად, ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას. ასეთი შემთხვევებიც არის. ეს როდესაც ამოვარდება და საზოგადოება მიიღებს ამაზე ინფორმაციას, უკვე შესაბამის სტრუქტურებს ექნებათ სათანადო ინფორმაცია, რომელიც მათ უბიძგებს, პოლარიზაცია აღარ დააფინანსონ საქართველოში. მაგალითისათვის, არის ერთ-ერთი ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც პოლარიზაციას აღვივებს საქართველოში. მისი მთავარი მიზანი და დანიშნულებაა პოლარიზაციის გაღვივება, ეს არის ექსტრემისტული ფრთა „ნაცმოძრაობის“. ეს ორგანიზაცია პირდაპირ ევროკავშირის წყაროდან იღებს დაფინანსებას. პრობლემა ის არის, როდესაც გარედან ხდება პოლარიზაციის დაფინანსება. ერთ მხარეს არის „სირცხვილია“, მეორე მხარეს – „ალტინფო“, მესამე მხარეს – სხვა, მეოთხე მხარეს – სხვა და მათი დაფინანსება ხდება უცხოური წყაროებიდან.
ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ ვინმე მალავს ფინანსებს, ბუნებრივია, ამითაც შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც აქვს მონიტორინგის უფლება. მთავარია, ყველა თანხა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ ამის მიხედვით ჩამოაყალიბოს დასკვნები, რა ღონისძიებები ფინანსდება რა წყაროებიდან. „სირცხვილია“ არის „ნაცმოძრაობის“ ექსტრემისტული ფრთა და მასაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებს ამ ექსტრემისტებს და პოლარიზაციას. „სირცხვილია“ ფინანსდება კონკრეტული წყაროებიდან. აქეთ აფინანსებს კეზერაშვილი, იქით ფორმალურად აფინანსებენ კონკრეტული უცხოური წყაროები. საზოგადოებამ ისედაც იცის, ამას რეესტრი არ სჭირდება, რომ „სირცხვილია“ არის არა სამოქალაქო აქტივისტების ერთობა, არამედ „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრების ერთობა. მთავარია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელი უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან ეს ადამიანები.
ასევე, შეგახსენებთ, კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ერთადერთ მიზანს ისახავდა – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფას. შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება – სხვა წყაროები. რეესტრი როდესაც დაიდება, ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდებოდა, რისთვის ფინანსდებოდა და ამის საფუძველზე შეიძლება, საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები. საზოგადოება იმსჯელებს ამაზე რამდენიმე თვეში. ყველა აქტივობასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. გამჭვირვალობის წინააღმდეგ როცა მიდიან ორგანიზაციები, რომლებსაც გამჭვირვალობა ეწოდებათ, მათ შორის სათაურში, ეს აჩვენებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.