ირაკლი კობახიძე - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, ვინ ვის აფინანსებს, იგივე მიზანი ამოძრავებს ევროკომისიას 
ირაკლი კობახიძე - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, ვინ ვის აფინანსებს, იგივე მიზანი ამოძრავებს ევროკომისიას 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, სინამდვილეში, ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ევროკომისია რომ ანალოგიურ კანონპროექტს განიხილავს, თანაც პირდაპირ აგენტების კანონპროექტი ჰქვია დოკუმენტს, მეტყველებს, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნური იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არც მომავალში აპირებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მიუბრუნდეს.

„აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ხელოვნური იყო. ერთადერთი რამ, რასაც საქართველოში ითვალისწინებდა ეს კანონი, იყო ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში. უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა ექსტრემისტული ღონისძიებები, კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. სინამდვილეში, კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ის, რომ ახლა ევროკომისია განიხილავს ანალოგიურ კანონპროექტს, თანაც პირდაპირ აგენტების კანონპროექტი ჰქვია დოკუმენტს, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნური იყო.

ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, წაკითხული არ ჰქონდათ კანონი, ისე აპროტესტებდნენ და ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები როცა გამჭვირვალე ხდება, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებისთვის. საზოგადოება ხედავს, მაგალითად, ვინ აფინანსებს კარგ საქმეს ან ცუდ საქმეს საქართველოში და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ მათ დონორებთან დაკავშირებით. ეს იყო კეთილშობილური საქმე, თუმცა ატყდა ხელოვნური აჟიოტაჟი, მოატყუეს ხალხი, მათ შორის, სამწუხაროდ, კონკრეტული, მადლობა ღმერთს, ყოფილი დიპლომატები იყვნენ ჩართული საზოგადოების მოტყუებაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ, ამ კანონპროექტს მივუბრუნდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა. მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროაქტივის“ ცნობით, ევროკომისია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას 12 დეკემბერს გეგმავს.