ირაკლი კობახიძე - გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია
ირაკლი კობახიძე - გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია

გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია კონკრეტული ინტერესებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ისინი ფაქტობრივად ამჟღავნებენ იმას, რაზეც ჩვენ არჩევნების წინ ვლაპარაკობდით. ეს არის ბუნებრივი ალიანსი, ისინი ძალიან კონკრეტული ინტერესებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს კოალიციაც არის მხოლოდ და მხოლოდ ამის მკაფიო გამოხატულება, რაც მანამდეც იყო სახეზე. არჩევნების წინ ყველამ ვიცოდით, ღალატიც ზუსტად ამ ალიანსს ეფუძნებოდა,ზუსტად ეს გამოამჟღავნა საბოლოო ჯამში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიამ ერთად, როდესაც მათ შეკრეს კოალიცია. გახარია არის მოღალატე და მოღალატისგან ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიცია. მარტივად არის ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.