ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, რათა არ გაძლიერდეს ილუზია, რომელსაც ხელოვნურად აყალიბებდნენ პრეზიდენტის კომპეტენციაზე
ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, რათა არ გაძლიერდეს ილუზია, რომელსაც ხელოვნურად აყალიბებდნენ პრეზიდენტის კომპეტენციაზე

გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არასწორი იქნებოდა პარტიული ლიდერის წარდგენა საპრეზიდენტო კანდიდატად.

„პარტიის თავმჯდომარის მხრიდან დასახელებული იყო სხვადასხვა არგუმენტი. მათ შორის საუბარი იყო იმაზე, თუ რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც შეირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ არის საპარლამენტო სისტემა და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აქვს თავისი შემოფარგლული ფუნქციები. ის არ არის აღმასრულებელი. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიული კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, უნდა ყოფილიყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამით ამ ილუზიას ბუნებრივია, უფრო მეტად გავაძლიერებდით. ეს იყო არგუმენტი. ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა პარტიული კანდიდატის დაყენება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია თავისი კანდიდატით არ მიიღებს მონაწილეობას, რათა არ გაძლიერდეს ილუზია, რომელსაც ხელოვნურად აყალიბებდნენ პრეზიდენტის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

„პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას არ უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ანუ პარტია თავისი კანდიდატით არ უნდა წარმდგარიყო არჩევნებში. ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ეს. ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ილუზია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი პარტიული ლიდერი, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ილუზია პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ კონტრარგუმენტები, თუმცა არგუმენტი, რომელიც წარმოადგინა პარტიის თავმჯდომარემ, არის ძალიან ძლიერი. მეც ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, თუ პარტია წარადგენს თავის კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატის გარეშე ჩავერთოთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში, ვფიქრობ, რომ არის სწორი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.