ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ნიკანორ მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი, ამ ფორმალური კენჭისყრის სხვანაირად წარმოჩენა არის სპეკულაცია
პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს საკითხი ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფორმალური კენჭისყრის სხვანაირად წარმოჩენა სპეკულაციაა.
„მელიამ, სხვა დეპუტატებთან ერთად თავის დროზე მოგვმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით. ეს მოხდა არჩევნების შემდეგ, თუმცა მაშინ ჩვენ ყველას ერთად უარი ვუთხარით მანდატის შეწყვეტაზე, რომ ქვეყანა საბოტაჟისგან დაგვეცვა. ამას შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ იქნებოდა ინდივიდუალური განცხადებები დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ასეთი განცხადება დაკმაყოფილდებოდა. ამ შემთხვევაში სამი დეპუტატი დაგვპირდა ასეთი განცხადების შემოტანას: მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, თუმცა აქედან მხოლოდ ერთმა, ნიკანორ მელიამ შემოიტანა ეს განცხადება. პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ეს საკითხი. დღეს არის ბოლო ვადა, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტს არ შუეძლია ვადის შემდგომი გადაწევა. ეს წმინდა ფორმალური კენჭისყრაა. შესაბამისად, ამ ფორმალური კენჭისყრის სხვანაირად წარმოჩენა არის იმ დონის სპეკულაცია, რომელზეც არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა კობახიძემ.