ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამოთქმული მოსაზრებები ქართული საზოგადოებისთვისაც თუ გახდება ცნობილი, ეს დადებითად აისახება ​მათ მიმართ საზოგადოების აღქმაზე
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამოთქმული მოსაზრებები ქართული საზოგადოებისთვისაც თუ გახდება ცნობილი, ეს დადებითად აისახება ​მათ მიმართ საზოგადოების აღქმაზე

ევროპარლამენტში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებები ქართული საზოგადოებისთვისაც თუ გახდება ცნობილი, ეს დადებითად აისახება ​ევროსტრუქტურების მიმართ საზოგადოების აღქმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხშირად დახურულ შეხვედრებზე გვიფიქსირებენ ხოლმე ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავად იღებენ რაღაც გადაწყვეტილებებს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მესიჯები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ ის მესიჯები, რომლებიც დახურულ შეხვედრებზე ჟღერდება ხოლმე ჩვენთან, გაჟღერდება ქართული საზოგადოების წინაშეც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტისა და ევროსტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ძალიან კარგი იქნება, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თუ გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში.

„პირველ რიგში, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ამ შემთხვევაში, შევატრიალებთ მოწოდებას. ჩვენი მოწოდებაა, დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ. ევროპარლამენტი თუ არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მაქსიმალურად მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ევროინტეგრაციის მიმართ. დღეს ეს მხარდაჭერა არის დაახლოებით 85%. ვიღაცები ცდილობენ, ხელოვნურად დაწიონ ეს მაჩვენებელი. ამას აკეთებენ ევროპარლამენტში. რატომ აკეთებენ, როგორ, ჩვენ ეს შეგვიძლია, განვსაზღვროთ, მაგრამ არ მინდა, ამაში შევიდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აღმასრულებელი სტრუქტურები თუ გაემიჯნებიან ევროპარლამენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტში 28 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ.

ამასთან, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.