ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობა საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, მჯერა, საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.
„1950 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითიც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.
ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.