ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების განსაზღვრა, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების განსაზღვრა, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ

ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვენ ამ სახით ვერ შევცვლით და არც შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ. მე იმის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს, მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა.

„გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, მაგრამ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა. ქვეყანა იბრძოდა წლების განმავლობაში და დღეს ოფიციალურად მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ასპექტი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ. ეს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს სათანადოდ. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ვიმოქმედოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ზუსტად ამ სტანდარტების შესაბამისად შესრულდება 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ევროკავშირზეა დამოკიდებული, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ევროკავშირი რომ იღებდეს ექსპერტულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას აქვე ვაძლევთ პირობას, რომ 12-ვე პუნქტი ისე შესრულდება, ობიექტური შემფასებელი აუცილებლად მოგვანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.