ირაკლი კობახიძე - ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა მუშაობენ ე.წ. რუსულ კანონზე, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საქართველოში ქართული კანონის წინააღმდეგ განხორციელებული პიარკამპანია იყო ფარსი
ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა მუშაობენ ე.წ. რუსულ კანონზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პიარკამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოში ქართული კანონის წინააღმდეგ, იყო აბსოლუტური ფარსი და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა პირდაპირ დაკავშირებულია ევროპულ ღირებულებებთან და, კონკრეტულად, ქართველი ხალხის ინტერესებთან.
„ქართველ ხალხს როდესაც აპროტესტებინებ იმ კანონს, რომელიც მისავე ინტერესებს ემსახურება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ყალბი იყო თავიდან ბოლომდე ის პიარკამპანია, რომელიც აწარმოეს ქართული კანონის წინააღმდეგ.
გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ვერ ექნება ალტერნატივა. გამჭვირვალობა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ფუნქციონირებდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა და სწორედ ამას ადასტურებს ის კანონშემოქმედებითი პროცესები, რომლებიც წარიმართება როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. გამჭვირვალობის ფასი იცის ყველა სახელმწიფომ და ეს ფასი უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.