საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტით ესტონეთს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდთან, პრემიერ-მინისტრ იური რატასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სემინარში – „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძე ენერგიის აღმოჩენის ცენტრსა და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს დაათვალიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე მოინახულებს თბილისის მემორიალსაც.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.