ირაკლი კობახიძე - პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონპროექტში საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას
ეს პარტიის აკრძალვა არ არსი. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შესული კანონპროექტის განმარტებისას განაცხადა, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.
კობახიძის თქმით, პირველად ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება.
„უფრო მეტად, რომ დავაკონკრეტოთ საქმე რაშია, კონსტიტუციით დაწესებულია ოთხი საარჩევნო ცენზი. ერთი, მოქალაქეობის ცენზი, მეორე, ნასამართლეობის ცენზი, პირი რომელიც არის ბრალდებული და სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არ არის უფლებამოსილი, რომ იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, არ ფლობს აქტიურ საარჩევნო უფლებას. ასევე, დამატებით დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და ასევე, ქმედუნარიანობის ცენზი, როგორც ადრე ეწოდებოდა. ორი თვის მანძილზე, თუ საარჩევნო აგიტაციაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში ამ შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება. არ არის საუბარი პარტიის აკრძალვაზე. შესაბამისი არჩევნებისთვის გაუუქმდება რეგისტრაცია და არჩევნებში სუბიექტი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამას პირველ რიგში ზოგადი დატვირთვა აქვს. წარმოვიდგინოთ არის შემთხვევა, როდესაც პირი მაგალითად, მხილებულია ტერორიზმში და ის ქართული კანონმდებლობის საფუძველზე იძებნება საზღვარგარეთ, წარმოვიდგინოთ, ეს ტერორისტი გამოდის არჩევნებში, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ორი თვის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას. ორი ათასი ლარია დღეს ამისთვის დაწესებული ჯარიმა, რაც არაეფექტური მექანიზმია. საჭიროა ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ ასეთ მოვლენას დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.