ირაკლი კობახიძე - ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაუტარა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასრულდა ბრძოლის პირველი ეტაპი, რომელშიც ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცედენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ.
„ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს საზოგადოების, პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით წარსდგა.
„მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ – გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ეს იყო ჩვეული, დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში ჩვენ დამაჯერებელი წარმატება მოგვიტანა“,- განაცხადა კობახიძემ, რომელმაც მთელ სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა.