ირაკლი კობახიძე - ეს არის „ნაცმოძრაობის“ ძალიან მარტივი პროვოკაცია, რომელსაც შსს სათანადოდ პასუხობს
ირაკლი კობახიძე - ეს არის „ნაცმოძრაობის“ ძალიან მარტივი პროვოკაცია, რომელსაც შსს სათანადოდ პასუხობს

შსს-მ „ნაცმოძრაობას“ თელავში ჩასვლა შემოვლითი გზით შესთავაზა, რასაც დამატებით დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა, თუმცა მათ პოლიციასთან დაპირისპირებას ორი საათი მოანდომეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში განაცხადა.

„ეს არის მარტივი პროვოკაცია. ამაზე გუშინაც ვსაუბრობდით და დღეს დილითაც. ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და მათი სტილი. შსს-მ მათ შესთავაზა თელავში ჩამოსვლა შემოვლითი გზით. ამას სჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 20 წუთი, თუმცა ამის მაგივრად, მათ ორი საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა შსს ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს და მინდა, თითოეულ პოლიციელს ამისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.