ირაკლი კობახიძე - ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა არაობიექტური კრიტიკისგან, სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, გავიზიარებთ
ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ კონკრეტული ბრალისთვის, ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაზეც მისი დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც, აქ პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა და არაობიექტური კრიტიკა.
„რაც შეეხება ე.წ პოლიტპატიმრებს, საუბარია, რამდენადაც ვიცი, იმაზე, რომ, ენჯეოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია ყოფილან პოლიტპატიმრები. მე სააკაშვილთან დაკავშირებით ენჯეოების განცხადებაც არ მომისმენია. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის ორ კონკრეტული ბრალისთვის. ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას, რაზეც მისი დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებული აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც. აქ პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია. მეორე ეხება ვალერი გელაშვილის წამებას. ესეც დადასტურებულია. საზოგადოებამ იცის, როგორ იქნა ჩადენილი ეს დანაშაული. გარდა ამისა, მას დაუფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთა, რის გამოც მის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული. ასევე, საქმე არის აღძრული უმძიმეს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, სადაც მილიონობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაზეა საუბარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, არაობიექტური კრიტიკისგან, სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ რა თქმა უნდა ამას გავიზიარებთ, სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, აქ გვექნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.