ირაკლი კობახიძე - „ენჯეოები“ თვითონ რასაც გაურბოდნენ, იმას ითხოვენ საჯარო მოხელეებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ გამჭვირვალობა მიუღებელია, მას უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“
ირაკლი კობახიძე - „ენჯეოები“ თვითონ რასაც გაურბოდნენ, იმას ითხოვენ საჯარო მოხელეებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ გამჭვირვალობა მიუღებელია, მას უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში დაინიცირებული იყო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, თუმცა მას რუსული კანონი უწოდეს.

კობახიძის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციები რასაც თავად გაურბოდბენ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოხელეებისგან.

„„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დააინიცირა რუსული კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებას. გახსოვთ, თავის დროზე პარლამენტში დაინიცირებული იყო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო „ენჯეოების“ გამჭვირვალობა. მათ უნდა გამოექვეყნებინათ მხოლოდ და მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციები და ამას უწოდეს რუსული კანონი. რასაც გაურბოდნენ თვითონ ცოტა ხნის წინ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოხელეებისგან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მათ რუსულ კანონს ვერ ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ გამჭვირვალობა მიუღებელია, ამ ორგანიზაციას უნდა ერქვას არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, არამედ „ნაციონალური ბუნდოვანება“, იმის საპირისპირო, რაც მის სათაურშია გამოხატული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას. მათივე ცნობით, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.