ირაკლი კობახიძე - ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ იძლევა შედეგების ამობეჭდვის საშუალებას, მანამდე გამორიცხულია, ვინმეს წვდომა ჰქონდეს წინასწარ შედეგებზე
ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ იძლევა შედეგების ამობეჭდვის საშუალებას, მანამდე გამორიცხულია, ვინმეს წვდომა ჰქონდეს წინასწარ შედეგებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი პროგრამულად დაცულია. მისივე თქმით, შედეგები ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაიხურება საარჩევნო პროცედურა.
„იყო უამრავი პრობლემა PVT-ისა (ხმების პარალელური დათვლა) და ეგზიტპოლების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეგზიტპოლები იყო ყბადაღებული თემა, ოთხი სხვადასხვა ტელევიზია ოთხ სხვადასხვა ეგზიტპოლს აქვეყნებდა და ამომრჩეველიც გაურკვევლობაში იყო. PVT-ისა და ეგზიტპოლების საჭიროება მოიხსნება, ასევე გაყალბების რისკიც მოიხსნება. წინა საპარლამენტო არჩევნებზე PVT გაყალბდა. ეგზიტპოლების გაყალბებაზე, მაგალითად, „მთავარმა“ „ქართული ოცნების“ შედეგი დადო 41 პროცენტი, როდესაც აღებული ჰქონდა 48 პროცენტი. ეს პრობლემებიც მოიხსნება, რადგან რეალურად, ღილაკს აჭერ ხელს და 9-ის წუთებზე, ჩეკივით ამოდის საარჩევნო ოქმი, არჩევნების შედეგები. ეს შედეგები მოდის ცესკო-ში და ცესკო-ს შეუძლია, წუთებში ამ ოქმების ატვირთვა და შედეგების ატვირთვა. შესაბამისად, მთლიანად იხსნება პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო PVT-ისა და ეგზიტპოლების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეგზიტპოლები შეიძლება, ჩატარდეს, მაგრამ თავისთავად ეგზიტპოლების გაყალბება კარგავს აზრს, რადგან რამდენიმე წუთში შენ უკვე გაქვს არჩევნების ოფიციალური შედეგები“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ აპარატები არ იქნება ქსელში ჩართული, რადგან ქსელის შემთხვევაში, არის ჰაკერული შეღწევის რისკები და შესაბამისად, ამომრჩევლის იდენტიფიცირების რისკებიც.
„ქსელში აპარატი არ ერთვება, ადგილზე მიდის საარჩევნო უბანზე და შეჰყავს ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც აქვს შემოხაზული. ამომრჩეველი იდენტიფიცირებადი არ არის და ეს ხდება კაბინაში. საარჩევნო ოქმი ჩეკის სახით ამოდის და შედეგები იქ არის დაფიქსირებული, მაგრამ ამასთან ერთად, თვითონ ბიულეტენების გადათვლაც ხდება. საუბარი იყო, რომ დიასპორას მიეცით ელექტრონული წესით ხმის მიცემის საშუალება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ზუსტად ამ კუთხით. ამ შემთხვევაში, უკვე უნდა იყოს ქსელში ჩართული, ამომრჩეველიც იდენტიფიცირებადია და ბევრი სხვა რისკი ახლავს ფარულობის კუთხით. შესაბამისად, ამაზე არ გვაქვს საუბარი.ცალკე საკითხია ის, რომ მაშინ რუსეთშიც უნდა დაუშვა და იქ განსაკუთრებული რისკებია. ჩვენ ვსაუბრობთ ქსელის გარეშე აპარატურის მეშვეობით ხმის მიცემაზე, რასაც აქვს კონკრეტული დადებითი მხარეები, სწრაფად შედეგების დათვლა, ხარვეზების გარეშე შედეგების დათვლა, ბალანსის პრობლემის აღმოფხვრა საარჩევნო ოქმებში, ბათილი ბიულეტენების შესახებ სპეკულაციების განეიტრალება და ასე შემდეგ.
ცდომილების რისკი არის ნულოვანი. რაც შეეხება ხარვეზებს, დაზღვეულია აპარატურა, აპრობირებულია, რომელიც არაერთ ქვეყანაშია გატესტილი. ერთადერთი რისკია დენის გამორთვა და იქაც UPS-ს სისტემით არის ყველაფერი დაცული. მთლიანობაში რისკები მინიმალურია. თეორიულად, თუ პრობლემა შეექმნა აპარატს, ამ შემთხვევაში, წინასწარ არის ყველაფერი დაზღვეული და სწრაფად ჩანაცვლდება ჩვეულებრივი ხმის მიცემის საშუალებით. ბიულეტენების დასკანერება ხდება დათვლის პროცესში, ეს არის კიდევ ერთი ნოვაცია, რომელიც შემოგვაქვს. ჯერ ამოდის ჩეკები, ანუ ოქმები, სადაც შედეგებია ასახული და შემდეგ ხდება ამის გადამოწმება ბიულეტენების დათვლის საფუძველზე. გადამოწმება ხდება იმ ჩეკის, რომელიც ამოდის. ყველანაირად დაზღვეულია. ბათუმში, რვა უბანზე როდესაც ჩატარდა არჩევნები, იგივე კრწანისში, ხმა ვერავინ ამოიღო, იმდენად ცხადი იყო ის შედეგები, რომლებიც დაფიქსირდა.
ყველაფერი არის პროგრამულად დაცული. პროგრამა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ იძლევა შედეგების ამობეჭდვის საშუალებას. მანამდე გამორიცხულია, ვინმეს ჰქონდეს წვდომა წინასწარ შედეგებზე. ანუ ერთი, რომ ქსელშიც არ არის ჩართული, მაგრამ ცალკეულ აპარატს რაც შეეხება, ყველაფერი ბოლომდე არის პროგრამულად დაცული. შედეგები ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო პროცედურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.