ირაკლი კობახიძე - ეკონომიკა, სოციალური საკითხები არის მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე დგას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკა და სოციალური საკითხები მთავარი გამოწვევაა, რომელიც საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე დგას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მთავარი აქცენტი სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდება.
„მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, სიღარიბე. სიღარიბის ზღვარს მიღმა ჯერ კიდევ 700 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანით შემცირდა, მაგრამ 700 ათასი სერიოზული მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეკონომიკა და სოციალური საკითხები მთავარი გამოწვევაა, რომელიც დგას საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე. ჩვენს საარჩევნო კამპანიაში მთავარი აქცენტი სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).