„ენდიაის“ კვლევა - არჩევნების წინ მოსახლეობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, მოქალაქეებისთვის ეკონომიკა მთავარი პრიორიტეტია
„ენდიაის“ კვლევა - არჩევნების წინ მოსახლეობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, მოქალაქეებისთვის ეკონომიკა მთავარი პრიორიტეტია

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).

ენდიაის“ საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.

კვლევის მიხედვით, სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკას (12 პროცენტი) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12 პროცენტი) მიიღებს მხედველობაში.

„მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 პროცენტი) ექცევა. მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 პროცენტი და 46 პროცენტი) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი – მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 პროცენტი). ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია“,- აღნიშნულია „ენდიაის“ ინფორმაციაში.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31 პროცენტი), წყალმომარაგებაზე (22 პროცენტი), გარემოს დაბინძურებასა (13 პროცენტი) და საცობებზე (13 პროცენტი) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.

„გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ალან გილამმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

კვლევის თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. თუმცა, „ენდიაის“ ცნობით, გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს.

ორგანიზაციის ცნობით, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი). ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით, ეს განწყობები თანხვედრაშია NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად მიგნებებთან.

„NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაცია: www.ndi.org CRRC საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარების ხელშეწყობა“,- აღნიშნულია „ენდიაის“ ინფორმაციაში.