ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას გადადგომა ჩვენს შიდა სამზარეულოს უკავშირდება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა „შიდა სამზარეულოს“ უკავშირდება.
მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.
„ეს იყო დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ. ამაზე საზოგადოებასთან მოგვიანებით გვექნება საუბარი. დღეს თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებებისგან. მიზანშეწონილი არ არის მიზეზებზე კომენტარი იმ დღესვე, როცა გადადგომაზე განცხადება გაკეთდა. თუმცა, გპირდებით, რომ ამ მიზეზებს აუცილებლად დავუბრუნდებით. საზოგადოება გაიგებს ყველაფერს საჭირო დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ დაპირისპირების მიზეზი ის გარემოება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ლობირებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, კობახიძე ამბობს, რომ ეს არის სპეკულაციები.
„არის სპეკულაციები, თუმცა გავიმეორებ, ეს კავშირი მთლიანად საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა კობახიძემ.
ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.