ირაკლი კობახიძე - ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე
ირაკლი კობახიძე - ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე

ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება.

მისივე  თქმით, კონსილიუმმა ტყუილი გაავრცელა.

„გუშინაც გვიანობამდე მქონდა ეკა ტიკარაძესთან კომუნიკაცია. მას აქვს მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე, ტყუილი გაავრცელეს. ეს არის ფეიკი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, რომ ადამიანი შიმშილობს უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით.

„შიმშილობა გულისხმობს იმას, რომ ყველაფერზე მიდიხარ და სააკაშვილი შიმშილობს, რომ ჰქონდეს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობა. ეს არის საბაბი, მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში. ადამიანი შიმშილობს, რომ შიმშილობის შემდეგ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. მისივე თქმით, „ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რაც შეხვედრაზე იყო იქ ნათქვამი“.