გიორგი გრიგოლია - ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე
გიორგი გრიგოლია - ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე

ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ მე-18 დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, უკეთესია სააკაშვილი გადაიყვანონ პოლიპროფილურ კლინიკაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გადაწყვეტილებას, სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის თაობაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო მგონი არგუმენტები მოეყვანა იმისთვის და დაერწმუნებინა, ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში ასეთია, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს. დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ კლინიკაში.

მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რაც იყო იქ ნათქვამი. აქედან რამდენიმე ექსპერტი წავა გლდანის ციხეში“,- განაცხადა გრიგოლიამ.

აბსოლუტურად ასი პროცენტით, ყველა ექიმის ჩათვლით, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის სულ სხვა უწყება, ის უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მერე პრემიერ-მინისტრმა და მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური წარმომაგდგენლები“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, რთული სათქმელია, რა იყო მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის მიზეზი.

მისივე თქმით, როგორც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, სააკაშვილს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება.

„ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, როცა წამოდგა, დაემართა სინკოპე, ანუ გონების კარგვა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით ხუთ წუთს. რითი იყო გამოწვეული, ცოტა ძნელი სათქმელია. თუ ეს არის წნევის ვარდნა და როგორც კი გადაიყვანეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მაშინვე აღდგა გონება, ეს ნაკლებად საშიშია. ეს არის გამოწვეული ენცეპალოპათიით, ეს ცოტა მეტად საშიშია. იქ უკეთდება, როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, კომპიუტერული ტომოგრაფია. საკმაოდ გამოცდილი რეანიმატოლოგი მუშაობს და ალბათ საბოლოო დასკვნებს გამოვიტანთ“,- განაცხადა გრიგოლიამ.