ირაკლი კობახიძე - ე.წ. ჩანაწერები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედიის მხრიდან ვრცელდება, დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ჩანაწერები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედიის მხრიდან ვრცელდება, დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია

ე.წ. ჩანაწერები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედიის მხრიდან ვრცელდება, შავი პიარისა და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩანაწერები დეზინფორმაციისა და შავი პიარის ნაწილია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ჩანაწერებში ფიგურირებენ პირები, რომელთაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვთ.

„ეს ჩანაწერები ძალიან კარგად ჯდება იმ ყველაფერთან, რაზეც მე მქონდა საუბარი, ანუ ამ შემთხვევაშიც საუბარია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, გაყალბებასა და სიყალბეზე. ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ორ სხვადასხვა ადამიანს, რომელთაგან არც ერთს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს, პარტიაზე, პარტიულ ყულაბაზე და ა.შ. საუბრობს. ეს მარტივი დეზინფორმაციაა, რომელსაც პასუხი ასევე აუცილებლად უნდა გაეცეს. იმიტომ, რომ შავი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დისკრედიტირება ხდება. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. მუდმივად ორი ადამიანი, რომელთაგან არც ერთი არანაირად არ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, საუბრობს რაღაც თანხებზე, რაღაც ფულადი სახსრების მიმოქცევაზე, გარიგებაზე. არც ერთ შემთხვევაში კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ არც ერთ პირს არ ჰქონია. შესაბამისად, ზუსტად ამ კამპანიის ნაწილია ის ე.წ. ჩანაწერები, ფარული თუ როგორიც არის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედიის მხრიდან ვრცელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება ყველაფერზე უნდა დაიწყოს.

„ეს სრული სიყალბეა, რომელიც შავი კამპანიისა და დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია. შესაბამისად ამასაც პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ კარგად გვახსოვს ეს სტილი საიდანაც მოდის. ვიცით „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფარული ჩანაწერებით, თავისი გაყალბებით და ყველაფერში ჩარევით. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია: სიცრუე, დეზინფორმაცია და ამას პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი კიდეც გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ​ჩანაწერების ავთენტურობა შესაძლოა, დადასტურდეს, მაგრამ არც ერთ პირს, რომელიც ჩანაწერებში ფიგურირებს, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეხება არ აქვს.

„ეს არის მთავარი. შეხება მათ შორის არც ლევან ყიფიანს აქვს. არავითარი კავშირი „ქართულ
ოცნებასთან“ ლევან ყიფიანს არ აქვს მას შემდეგ, რაც მან მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახსოვთ იქიდან რამდენი წელია გასული“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.