ირაკლი კობახიძე - ე.წ. ალოკაციის გარეშე კვლევის შედეგების გამოქვეყნება ადამიანების შეცდომაში შეყვანაა
არაშეწონილი, ე.წ. ალოკაციის გარეშე კვლევის შედეგების გამოქვეყნება ადამიანების შეცდომაში შეყვანაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „სიარარსი-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ალოკაცია იძლევა საშუალებას, ამომრჩეველს შესთავაზო პროგნოზი, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები. თუმცა, კობახიძის თქმით, ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაცია შეწონილი შედეგების დადებისგან თავს იკავებს, რადგან ასეთი შედეგი მათთვის არასახარბიელოა.
„რაც შეეხება კვლევის შედეგებს, რომელსაც აქვეყნებს სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია – არაშეწონილი, ე.წ. ალოკაციის გარეშე კვლევის შედეგების გამოქვეყნება არის ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ყველა კვლევითმა ორგანიზაციამ იცის, რომ თავისუფლად შეიძლება განახორციელო ალოკაცია. ეს ნიშნავს რას? – შეგიძლია, ამომრჩეველს შესთავაზო იმის პროგნოზი, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები. ყველა კვლევით ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება, თუმცა ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაცია თავს იკავებს ასეთი შეწონილი შედეგების დადებისგან იმის გამო, რომ ბუნებრივია, მათთვის არასახარბიელოა ასეთი შედეგი. საუბარია „სიარარსიზე“, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).