ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში
ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ის აშშ-ის კონგრესისთვის პარტია „ქართული ოცნების“ სახელით გაგზავნილ წერილს, რომელიც 13 კონგრესმენის მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ბუნებრივია, პარლამენტარები 170-გვერდიანი დოკუმენტის ყოველ წინადადებას ზედმიწევნით არ ეცნობიან ხოლმე. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს, რათა ნათელი მოეფინოს, რასთან გვქონდა რეალურად საქმე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფრაზა მთლიანად მოწყვეტილი იყო დოკუმენტის საერთო კონტექსტს და საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში – ეს იყო ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.