ირაკლი კობახიძე - ძალიან ამბიციური და კვალიფიციური გუნდით შევძლებთ, საპარლამენტო მუშაობა თვისობრივად ახალ ხარისხში ავიყვანოთ
ირაკლი კობახიძე - ძალიან ამბიციური და კვალიფიციური გუნდით შევძლებთ, საპარლამენტო მუშაობა თვისობრივად ახალ ხარისხში ავიყვანოთ

მმართველი გუნდი არის ერთიანი, რაც დაადასტურა საკონსტიტუციო პროექტის ერთხმად მხარდაჭერამ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმრავლესობა ახერხებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას, როცა ეს ქვეყანას სჭირდება.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საკმაოდ სუსტი პარლამენტი. ტრადიციულად, საქართველოში პარლამენტი იყო ძალიან სუსტი მთელი 25 წლის განმავლობაში, რასაც განაპირობებდა ზუსტად ის ხარვეზები, რომლებიც იყო ჩამოყალიბებული მმართველობის სისტემაში და დღეს ჩვენი ამოცანაა პარლამენტი ვაქციოთ თვისებრივად განსხვავებულ ინსტიტუტად“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტს ორი ფუნქცია აქვს – კანონშემოქმედება და ზედამხედველობა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ორივე მიმართულებით პარლამენტის ფუნქციები გავაძლიეროთ. სახარბიელო მემკვიდრეობა არ დაგვხვდა, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავაძლიეროთ პარლამენტი ინსტიტუციურად და შესაბამისად ვუზრუნველვყოთ საპარლამენტო ფუნქციების უკეთ განხორციელება.

ამის კარგი წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი პარლამენტში, გვყავს დეპუტატები, რომლებიც იკავებენ, მათ შორის, წამყვან პოზიციებს, საუბარი მაქვს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომიტეტების თავმჯდომარეებზე, რომლებიც დარგობრივი კუთხით ხელმძღვანელობენ შესაბამის საპარლამენტო ფუნქციების განხორციელებას და ამ ძალიან ამბიციური გუნდით და ძალიან კვალიფიციური გუნდით, ჩვენ შევძლებთ, რომ საპარლამენტო მუშაობა ავიყვანოთ თვისობრივად ახალ ხარისხში.

კანონშემოქმედებითი ფუნქციები გაძლიერდება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარეს წამყვანის გარდა, კითხვებს უსვამდნენ პირველი არხის ანალიტიკოსი ბაქარ ბერეკაშვილი, „მოამბის“ ჟურნალისტები თეონა მანაგაძე და სალომე ქოქიაშვილი.