ირაკლი კობახიძე - დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რომ დანაშაულთა ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, შერიგებას კი თავისი წინაპირობები აქვს, მთავარია, სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი
ირაკლი კობახიძე - დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რომ დანაშაულთა ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, შერიგებას კი თავისი წინაპირობები აქვს, მთავარია, სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი

დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულთა ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც შერიგებაზე საუბარი, ამას თავისი წინაპირობები აქვს. ამასთან, როგორც კობახიძე აცხადებს, მთავარი წინაპირობა არის ის, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი.

„სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, – ეს ცნობილი ფრაზა აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც. ვინაიდან, სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი. აღიარებასთან ერთად უნდა თქვა, რომ დროა, საქართველოში დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულების ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი. როცა შენი დაკვეთით ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ და მოპარული გაქვს ხან ცხრა მილიონი, ხან 48 მილიონი, ხან ორი მილიარდი და ა.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როცა ამის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენა გინდა, ამით პირდაპირ ეწინააღმდეგები მინიმალურ ევროპულ სტანდარტს, რაც ყველა ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ ევროპული სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკოსები არ რჩებიან პოლიტიკაში და მათ აღარ აქვთ პოლიტიკური ამბიცია. საუბარი მთლიანად „ნაცმოძრაობაზეა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცხრა წლის მანძილზე, კრიმინალურ რეჟიმს ხელმძღვანელობდა და ამ რეჟიმის შედეგები იყო ადამიანების წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება.

„პოლიტიკაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის. როგორც კი, სამართლიანობა უზრუნველყოფილი იქნება, მაშინვე გაიხსნება სივრცე შერიგებისთვის. არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ ამ უმძიმესი რეჟიმის ლიდერებმა დანაშაულები უნდა აღიარონ და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადონ. ამ შემთხვევაში, ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყანაში მშვიდობას. სხვა რესურსი არ აქვთ, სხვა შემთხვევაში, ისინი იქნებიან ხელშემწყობები იმ პროცესების, რაც ქვეყანას არ ადგება. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათ ღირსება არ აქვთ და ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაგრამ თეორიულად ეს ნაბიჯი იქნება სწორი მათი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.