ირაკლი კობახიძე - დმანისში რაც მოხდა, არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს
ირაკლი კობახიძე - დმანისში რაც მოხდა, არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც დმანისში მოხდა, არავითარი გამართლება არ აქვს.

კობახიძის თქმით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„რუსთავი აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა, არაფერი საერთი არ აქვს ამას პოლიტიკასთან. რაც შეეხება დმანისს, რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას არავითარი გამართლება არ აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ დმანისში. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება, ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, „ერთადერთი, ვინც ამ ქვეყანაში ახალისებს ძალადობას, სიძულვილს, ზიზღს და ა.შ. არის პირველ რიგში „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით“.

რაც შეეხება კითხვას, „იღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ამდენი ძალადობრივი მოწოდების შემდეგ, რომ ოპოზიცია არის სისხლიანი, გამოფინეთ ბანერები“, – კობახიძე პასუხობს: „სად იყო ძალადობრივი მოწოდება, ერთი გამახსენეთ. ჩვენ არ გამოგვიფენია ბანერები, მაგრამ ძალადობრივი მოწოდებაა? არა ღალატს არის ძალადობრივი მოწოდება? სისხლი იყო ქვეყანაში 9 წელი, ბანერზე კი არ არის სისხლი, სისხლი არის მათ ხელებზე და მათ სახეებზე, რადგან მათ აქვთ ჩადენილი უამრავი, უმძიმესი დანაშაული თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათ, თქვენმა პარტიამ დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, და რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა, ჩვენი ჯარისკაცები, სამოქალაქო პირები, გმირები დაიღუპნენ სწორედ მათი ავანტიურისტული, მათი სამარცხვინო ქმედებების გამო, ეს არის სისხლი მათ ხელებზე და მათ სახეებზე. მათ არაერთი ადამიანი მოკლეს ციხეებში, ციხეებს გარეთ და ეს არის სისხლი და არა ის სისხლი, რაც ბანერებზეა. ბანერებზე რაც არ უნდა სისხლი გამოფინო, ბუნებრივია, ის არანაირ გავლენას არავიზე არ მოახდენს, თუ კონკრეტული ადამიანები არ არიან შემჩნეული სისხლიან წარსულში. სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების ხელწერა, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ამ ყველაფერს აღვივებს, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც დმანისში მოხდა, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ ყველა შტაბმა მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს აქტივისტები, რათა მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, და სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა, რაც მოხდა დმანისში. რა თქმა უნდა, ეს იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, საჭიროა კანონის მიხედვით სათანადო ზომების მიღება არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და მომავალში არ განმეორდეს. როდესაც ადგილი აქვს ექსცესს, და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა.

ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო დეგენერტმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ იმ მუდმივ სიძულვილზე, ძალადობაზე, ბოროტებასა და უბედურებაზე, რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი ტელეარხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გვარამიამ, ნოდარ მელაძემ, ჭუტამ, სააკაშვილმა, მელიამ, ამ ნაძირლებმა იმაზე, რაც ხდება ზოგადად საქართველოში. პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ და თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, დმანისში დაპირისპირებისას დღეს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.