ირაკლი კობახიძე - დიდი ხანია, სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და ბუნებრივია, მელიას თავიდან მოცილება სურს, ასეც და ისეც, რეალური ლიდერი არც მელიაა და არც მარგველაშვილი იქნება
ფაქტობრივად აქამდე გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი იყო. როცა რიგითი წევრობიდან პარტიის თავმჯდომარე ხდები, არის დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე, ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან, რადგან მათი მორალური ფასეულობები ერთმანეთთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.
კობახიძის განცხადებით, ლოგიკურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მარგველაშვილი ოფიციალურად ახლოვდებოდეს. „შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კიდევ უფრო ახლოვდება ოფიციალურადაც „ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დიდი ხანია, სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, სხვებზე და მელიას თავიდან მოცილება სურს“.
„გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობის გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის შიგნით არის კონფლიქტები. როცა პარტია სერიოზულად სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს პარტიის შიგნით დაპირისპირებები. ლოგიკურია, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება. დიდი ხანია, სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე, სხვებზე და ბუნებრივია, მას მელიას თავიდან მოცილება სურს. რეალური ლიდერი ასეც და ისეც, არც მელიაა და არც მარგველაშვილი იქნება. რეალური ლიდერი იქნება სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.