ირაკლი კობახიძე - დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა, საკმარისი ყოფილიყო საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოდერნიზებისთვის, თუმცა დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალები საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას უწყობენ ხელს და ხელს უშლიან სამი ქვეყნის არჩევანს, გაერთიანდეს დასავლურ ინსტიტუტებში, რაც ხდება ტერიტორიების პირდაპირი ანექსიითა და ოკუპაციით.
„სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის. თუმცა, დღევანდელ ეპოქაში არიან ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს არჩევანს გავერთიანდეთ დასავლურ ინსტიტუტებში. ეს ხდება ტერიტორიების პირდაპირი ანექსიითა და ოკუპაციით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით.
არსებული რეგიონული გარემო არ ქმნის სასურველ პირობებს მტკივნეული რეფორმებისთვის. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ კვლავაც ენერგიულად გავაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობას, რაც ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნების სრულფასოვანი წევრობის საფუძველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის მიზანია, სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში სამივე ქვეყნის ინტერესების ერთობლივად დაცვა და პოზიციების უკეთ კოორდინირება.
„ვცდილობთ, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება. ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ.
აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს სხვადასხვა საელჩოდან, ორგანიზაციიდან თუ ასამბლეიდან, რომლებმაც მიიღეს ჩვენი მოწვევა და დღეს ამ წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგანან. შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნების როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც. ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში, ასამბლეის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივ გზებზე იმსჯელონ.
„ეჭვგარეშეა რომ ასამბლეის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სამი ქვეყნის პარლამენტის წევრებს შორის ადამიანურ ურთიერთობებს, ნდობასა და მეგობრობას. საერთაშორისო სოლიდარობა, ერთობლივი ძალისხმევა გვესახება თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთ ეფექტიან გზად. შესაბამისად, ცხადია, ამ პროცესებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.