ირაკლი კობახიძე - დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის
ირაკლი კობახიძე - დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის

დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არჩევანი არის ძალიან მარტივი და თავადაც შესაბამისი არჩევანი გააკეთა.

„ეს არის ერთი არჩევანი. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც ოთხი წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი ოთხი წლისთვის. ამიტომ, მე მგონია, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, – განაცხადა კობახიძემ.