ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, მაშინვე იქნება გადაწყვეტა
დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არასდროს გვითქვამს, როგორია სწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს განცხადება არ არის საკმარისი“.
„ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე კანონი გაუქმდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, სისტემური მიდგომა საერთოდ ვერ აწესრიგებს დეოლიგარქიზაციის პრობლემას. კობახიძის განცხადებით, პერსონალიზებული მიდგომა თუ არ დაინერგა, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება.
„ჩვენ გვჭირდება 12-პუნქტიანი გეგმიდან იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, რათა დავადგინოთ, რომ ევროკომისია მხარს აღარ უჭერს პერსონალიზებულ მიდგომას. ამასთან, ეს ე.წ. სისტემური მიდგომა საერთოდ არ უზრუნველყოფს პრობლემის გადაწყვეტას. იქ საუბარია სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებაზე. მაგრამ მე მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, კეზერაშვილი აფინანსებს ღიად როგორც პარტიებს, ასევე „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს. ვერცერთი ეს სისტემური რეფორმა ამ პრობლემის გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს, პერსონალიზებული მიდგომა თუ არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება. ევროკომისია ამბობს, რომ ოლიგარქებს არ უნდა ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაზე გავლენა. ჩვენ დღეს გვაქვს მტკიცებულება კეზერაშვილთან დაკავშირებით. რაც აღიარა კეზერაშვილმა, რომ აფინანსებს პარტიებს, მედიას და „ენჯეოებს“, მსგავსი არანაირი ფაქტი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. არც კომისიას არ აქვს ფაქტი.
ვენეციის კომისია ამბობს, რომ ორი მიდგომით შეიძლება საკითხის მოწესრიგება, ერთი არის სისტემური მიდგომა, მეორე არის პერსონალიზებული მიდგომა. თავისთავად ეჭვის შეტანა შეიძლება იმაშიც, რომ სისტემური მიდგომა რამდენად მოაწესრიგებს ამ საკითხს. ესეც ძალიან საეჭვოა, რადგან კეზერაშვილის შემთხვევაში სისტემური მიდგომა საერთოდ ვერ აწესრიგებს დეოლიგარქიზაციის პრობლემას, ვერანაირი ფორმით ან თითქმის ვერავითარი ფორმით. არც ტენდერებში მონაწილეობს და არც არაფერი. ანუ ტენდერების საკითხის მოწესრიგება, მაგალითად, კეზერაშვილის პრობლემას ვერ მოაგვარებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკომისიამ უნდა თქვას, რომ აღარ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას.
„ჩვენ გვინდა ერთი რამ, ევროკომისიამ თქვას, რომ აღარ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას, როცა თავის დროზე ემხრობოდა უკრაინაში. თუ ამოიღებენ ჩანაწერს 12 პუნქტიდან პერსონალიზებული მიდგომის თაობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს იქნება მტკიცებულება. ევროკომისიამ თქვა, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. იმიტომ, რომ არიან ოლიგარქები და აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. დეკობახიძიზაცია რომ ჩაიწეროს, ეს არის თუ არა პერსონალიზებული მიდგომა? ასევე არის დეოლიგარქიზაციაც, რადგან ოლიგარქი არის ადამიანი, პერსონა. ვენეციის კომისიას და ევროკომისიას აქვთ ერთმანეთში წინააღმდეგობა. როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.